ადამიანები ფიქრობენ სიყვარულზე

ახალი სიმზმრები უცნობ ისტორიებს მიყვება შენზე,

გზა არის მაგრამ არ მინდა გავლა.

შუაღამეს გაეღვიძა ოფლიანს და გადაწყვიტა რომ კიდევ ერთ ქალთან წასულიყო, რადგან ყველა აქამდე არსებული ქალი ვეღარ აკმაყოფილებდა, ვეღარც დღევანდელმა ხანმოკლე თავგადასავალმა მოუტანა სიამოვნება წამიერის გარდა, სახლში მოსულს რამდენიმე საათის შემდეგ ჩაეძინა, მაგრამ ყველა აჩრდილი, რომლისთვისაც მას აქამდე ზიანი მიეყენებინა, მის საწოლ ოთახში დაობებული წიგნების ფურცლებზე დაბოდიალობდნენ, რომელბსაც აღარასდროს გადაშლის, მაგრამ მათი არსებობა მაინც გაუსაძლისი რჩება, წიგნებიდან ასევე დაობებულ პარკეტზე გადაინაცვლებენ, აივნიდან გაფრინდებიან შუადღისას და ღამე ისევ ბრუნდებიან, აუტანელი ხდება მათთან ერთად ცხოვრება, ძილი ისეთი აღარ არის როგორც ბავშვობაში, რბილი საწოლი დედამისის ოთახის გვერდით და ის დანებდება, შეწყვეტს ოცნებას წარსულზე, ჩაის გემოზე, კარაქიან პურზე და მზიან ამინდებზე მთებში, ხეების ჩრდილზე, სახლებზე, რომლებსაც ის აშენებდა და შერცხვება რომ ყველაფერი ახალი გამოცდილებებით მთავრდება. რამდენიმესაათიანი ძილის შემდეგ გამოღვიძებულს ყავის დალევის სურვილითა და ახალი ქალის მოთხოვნილებით სახლიდან გასვლა მოუნდება. მძიმედ აიკრეფს გონებას სხეულთან ერთად და თითქმის შიშველი, დახეული ჩუსტებისა და მოკლე შორტის ამარა კარისკენ წავა, კარამდე სარკეა, ვერ აცდები, უნდა ჩაიხედო, ამ ცდუნებას ვერც მან გაუძლო, წამით შეჩერდა და საკუთარ სახეს დააკვირდა, როდის გახდა ასეთი სხვანაირი? როდის დაკარგა სიკეთემ ძალა მისთვის, რატომ არ ბერდება და რატომ გადის ამ დროს სახლიდან, მოჩვენებები, ახალი ქალის სურვილი თუ საკუთარი თავის აუტანლობას ვეღარ უძლებს ამ კედლებში, გაზიპულ კედლებში სიძველის გემოთი, ტუალეტიდან მყრალი სუნი გამოდის, გრძნობს და ცოტა ხნით თვალებს დახუჭავს, თითქოს გაქრობის მეთოდს ეძებს, მაგრამ ამ დროს ყველაზე უკეთ გრძნობს საკუთარ თავს და იცის რომ ეს მისი ცხოვრებაა, რომელმაც მისივე პიროვნება შექმნა, კართან კიდევ ცოტა ხნით დაყოვნდება, სათვალთვალოში გაიჭყიტება, იქნებ ვინმეს ელოდება, იქნებ ვინმე მოვიდა მასთან, მერე უძალოდ გააღებს და გავა სახლიდან. არ ვიცი როდის დაბრუნდება, ცოტა ხნის წინ ხომ ის უკვე იწვა სხვასთან.

Leave a comment